სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ დისკუსიას ეხმაურება

10 ივნისი 2015

უპირველესად, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ადვოკატთა კორპუსისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში დაცული იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და არსებობდეს დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმები, რაც გულისხმობს იმას, რომ პირს რომელიც ჩაიდენს კანონდარღვევას თუ დანაშაულს დაეკისროს ადექვატური პასუხისმგებლობა.

ამასთან, ყველას შევახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და მრავალი საერთაშორისო ინსტრუმენტით განმტკიცებულია პირის უდანაშაულობის პრეზუმფცია, რაც ნიშნავს, რომ არავინ არ შეიძლება ცნობილ იქნას დამნაშავედ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე. შესაბამისად, ყველა საჯარო განცხადება ამა თუ იმ ადამიანის დამნაშავეობის თაობაზე, არღვევს პირის უდანაშაულობის პრეზუმფციას  და  მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.

გვინდა ჩვენი შეშფოთება გამოვხატოთ აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის საჯარო განცხადებებზე, რომლებიც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე შედეგის გამოცხადებას მოჰყვა. ამ განცხადებაში პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ “ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა სრული კრახი განიცადა” და რომ ,,დაზარალებულის ოჯახს აქვს აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნა, რომ დამნაშავე დაისაჯოს”.

ჩვენ შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ ნაფიცმსაჯულთა სასამართლო სისიტემა იდეალურია და არ საჭიროებს ცვლილებებს, მაგრამ ასეთი ტიპის განცხადებები მოქმედი სასამართლო ინსტიტუტის მიმართ, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელი სისხლის სამართლის საქმის განხილვაც არ დასრულებულა და საქმე ახალმა ნაფიცმსაჯულთა ჟიურიმ უნდა განიხილოს, არის სრულიად დაუშვებელი და შეიძლება შეფასდეს როგორც ნაფიცმსაჯულთა შემადგენლობასა და სასამართლოზე განხორციელებული ზეწოლა.

სამწუხაროა, რომ ეს არაა პრემიერ-მინისტრის მხრიდან მიმდინარე სასამართლო დავაზე საჯარო განცხადების გაკეთების პირველი შემთხვევა. 2015 წლის აპრილში, პრემიერმა ღარიბაშვილმა ,,დივერსია” უწოდა „რუსთავის ფოლადისთვის“ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყადაღის დადების ფაქტს, რასაც მეორე დღესვე, სააპელაციო სასამართლოს მიერ ყადაღის მოხსნა მოჰყვა შედეგად.  მაშინ ამ განცხადებაზე მკვეთრად უარყოფითი რეაქცია დააფიქსირეს როგორც სასამართლო ხელისუფლებამ, ისე იურიდიულმა პროფესიამ და მართლმსაჯულების კოალიციაში შემავალმა არასამათავრობო ორგანიზაციებმა, თუმცა დასანანია, რომ ამის მიუხედავად სწორი დასკვნები არ იქნა გამოტანილი   და   დღეს   იგივე   შემთხვევა   განმეორდა.

 

მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, ყველა დონის თანამდებობის პირებს, ჟურნალისტებს და საზოგადოების წარმომადგენლებს პატივი სცენ სასამართლო ხელისუფლებას და მის საქმეებში ჩაურევლობას. თავი შეიკავონ ისეთი საჯარო განცხადებებისაგან, რაც არღვევს პირის უდანაშაულობის პრეზუმფციას და რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მიმდინარე სასამართლო   საქმეებზე,   რაც  დაუშვებელია  დემოკრატიულ   საზოგადოებაში.

გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას იმ კოლეგა ადვოკატების მიმართ განხორციელბული ზეწოლის გამო, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ გახმაურებულ ნაფიცმსაჯულთა სასამართლო განხილვაში. ყველას შევახსენებთ, რომ ადვოკატები ასრულებენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობებს და რომ ადვოკატების გაიგივება თუ იდენტიფიცირება მათ კლიენტებთან   დაუშვებელია   და   მიუღებელი  დემოკრატიულ   საზოგადოებაში.

დაბოლოს, დაბეჯითებით ვთხოვთ  საქართველოს  უზენაესი სასამართლოს  თავმჯდომარეს ქ-ნ.ნინო გვენეტაძეს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის უმაღლეს ორგანოს, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება პილიტიკოსების და ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ გავრცელებულ საჯარო განცახებებზე, აღკვეთონ მიმდინარე სასამართლო საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა და უზრუნველყონ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და მხარეთაშეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპზე აგებული მართლმსაჯულების განხორციელება.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი